ოთხთა ნიშანი -
ჰოლმსის დედუქციური მეთოდის არსი შერლოკ ჰოლმსმა ბუხრიდან წამლის შუშა აიღო, აკურატული ტარსიკონის ფუტლარიდან კი - კანქვეშ შესაყვანი შპრიცი, გრძელი, თეთრი, ნერვული თითებით მას წვრილი ნემსი მოარგო და მარცხენა სახელო აიკაპიწა. ცოტა ხანს ჩაფიქრებული შეჰყურებდა თავის დაძარღვულ მკლავსა და მაჯას, რომლებზეც ადრინდელ ინიექციებს უამრავი წერტილი დაეტოვებინა. ბოლოს ბასრი წვერი ვენაში შეირჭო, ზედ პატარა დგუში დააჭირა, ხავერდგადაკრული სავარძლის საზურგეზე გადაწვა და ღრმად, კმაყოფილებით ამოიხვნეშა.
ამ სპექტაკლს დღეში სამჯერ, მრავალი თვის განმავლობაში ვესწრებოდი, მაგრამ ჩემი გონება მას ვერაფრით ეგუებოდა. პირიქით, დღითი დღე მაღიზიანებდა ამის ხილვა. ყოველღამ მქენჯნიდა სინდისი იმის გაფიქრებაზე, რომ გაპროტესტებას ვერაფრით ვბედავდი. გამუდმებით ვაძლევდი საკუთარ თავს სიტყვას, აუცილებლად ვეტყვი ჩემს მეგობარს, რასაც მისი ჩვეულების შესახებ ვფიქრობ-მეთქი, მაგრამ ჰოლმსის გულგრილი, აუღელვებელი სახე ჭეშმარიტების ქადაგების სურვილს მიკლავდა. მისი გამორჩეული ჭკუა, ვირტუოზული მანერები და გამოცდილება, სხვა მრავალ განსაკუთრებულ თვისებასთან ერთად, თავდაჯერებულობას მართმევდა და ენას მიბორკავდა.
მაგრამ იმ დღეს, შესაძლოა, ლანჩზე შესმულმა წითელმა ბურგუნდიულმა და ჰოლმსის უკიდურესმა სიჯიუტემ გამაღიზიანა, რომ თავი ვეღარ შევიკავე.
- ამჯერად რომლის რიგია, - ვკითხე, - მორფის თუ კოკაინის?
ჰოლმსმა უსიცოცხლო მზერა მოაცილა გადაშლილ, ძველებური გოთიკური შრიფტით დაწერილ წიგნს და მითხრა:
- კოკაინის. შვიდპროცენტიანის. ხომ არ შემომიერთდებოდით?
- არა, ღმერთმა დამიფაროს! - მოვუჭერი სასწრაფოდ, - ჩემი ორგანიზმი ბოლომდე ჯერაც ვერ მომჯობინდა ავღანეთის კამპანიის შემდეგ და ზედმეტად ვერ დავტვირთავ.
ჰოლმსს ჩემს გაცხარებაზე გაეღიმა.
- იქნებ მართალიც იყოთ, უოტსონ, - თქვა მან, - ვფიქრობ, ნარკოტიკები ჯანმრთელობას ვნებს. სამაგიეროდ, აღმოვაჩინე, რომ ისინი საოცრად ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და გონებასაც წმენდს. ამასთან შედარებით, გვერდითი ეფექტი არც ისე მნიშვნელოვანია.
- მაგრამ დაფიქრდით, ეს რის საფასურად ხდება! - ვუთხარი სერიოზულად, - შესაძლოა, თქვენი ტვინი, როგორც ამბობთ, აღიგზნება და ინტენსიურად მუშაობას იწყებს, ოღონდ ეს პათოლოგიური და მტკივნეული პროცესია, რომელიც ნერვული უჯრედების გადაგვარებასა და მუდმივ სისუსტეს იწვევს. მშვენივრად იცით, ამას რა რეაქციაც მოჰყვება. არა, ჰოლმს, ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. როგორ შეგიძლიათ, რამდენიმეწუთიანი აღგზნების გამო საფრთხის ქვეშ დააყენოთ ის საოცარი ნიჭი, ბუნებამ ასე უხვად რომ გიბოძათ? გახსოვდეთ, ამას მხოლოდ როგორც მეგობარი კი არა, როგორც ექიმიც გეუბნებით, რომელიც თავისი პაციენტის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს.
ჰოლმსს ჩემი ნათქვამი არ სწყენია. პირიქით, სავარძლის სამკლავურებს იდაყვებით დაეყრდო, ორივე ხელის თითის წვერები ერთმანეთს მიადო და სალაპარაკოდ მოემზადა.
- ჩემი ტვინი, - თქვა მან, - უმოქმედობას ვერ იტანს. მომეცით საქმე, გაუგებარი კრიპტოგრამა, ურთულესი ამოცანა და მაშინვე მშობლიურ გარემოში აღმოვჩნდები. ხელოვნური სტიმულატორები აღარც გამახსენდება. მძულს ერთფეროვანი, მოსაწყენი ცხოვრება. მენტალური ეგზალტაცია მწყურია. ამიტომაც ავირჩიე ეს უნიკალური პროფესია, უფრო სწორად, შევქმენი იგი, ვინაიდან ამქვეყნად ერთადერთი ვარ.
- მსოფლიოში ერთადერთი არაოფიციალური დეტექტივი? - ვკითხე და წარბები ავზიდე.
- ერთადერთი არაოფიციალური დეტექტივ-კონსულტანტი, - მომიგო მან, - გამოძიების ბოლო და უმაღლესი ინსტანცია. როდესაც გრეგსონი, ლესტრეიდი ან ეთელნი ჯონსი ჩიხში ექცევიან, - ეს კი მათთვის ნორმალური მდგომარეობაა, - დაუყოვნებლივ მეძახიან. როგორც ექსპერტი, დეტალებს ვეცნობი და საკუთარ, სპეციალისტის აზრს გამოვთქვამ. დიდებას არ ვეძებ. ჩემს სახელს ვერც გაზეთებში წააწყდებით. ჩემთვის უმაღლესი ჯილდო თვითონ საქმეა, სიამოვნება, რომელსაც გამოძიების პროცესში ჩემი მეთოდების გამოყენება მანიჭებს. მათგან ზოგიერთს თქვენც კარგად იცნობთ, უოტსონ. თუნდაც ჯეფერსონ ჰოუპის შემთხვევა გავიხსენოთ.
- მახსოვს, როგორ არა! - ვუთხარი გულმხურვალედ, - ასე აღფრთოვანებული ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. მის შესახებ პატარა მოთხრობაც გამოვაქვეყნე, სახელწოდებით „ალისფერი კვალი“.
შერლოკ ჰოლმსმა თავი ნაღვლიანად დააქნია.
- წავიკითხე თქვენი მოთხრობა, - მითხრა მან, - და პირდაპირ გეტყვით, წარმატებას ვერ მოგილოცავთ. დანაშაულის გამოძიება ზუსტი მეცნიერებაა. ყოველ შემთხვევაში, ზუსტი მეცნიერება უნდა იყოს და მკაცრად, მიუკერძოებლად აღიწეროს. თქვენ კი რომანტიკაში გადაეშვით. ეს იგივეა, რომ ევკლიდეს მეხუთე პოსტულატზე მსჯელობისას სასიყვარულო თავგადასავალი ახსენოთ.
- მაგრამ იქ მართლა იყო რომანტიკული თავგადასავალი, - გავაპროტესტე მე, - ფაქტებს ხომ არ დავამახინჯებდი?
- ზოგჯერ ზოგიერთი ფაქტის დამალვა ან მისი გადმოცემისას ზომიერების დაცვაა საჭირო. ერთადერთი, რაც იმ საქმეში ყურადღების ღირსია, საინტერესო ანალიტიკური მსჯელობაა, შედეგის მიხედვით მიზეზის დასადგენად. სწორედ ეს დამეხმარა საქმის გახსნაში.
ჰოლმსის კრიტიკა გულზე მომხვდა - მე ხომ ცდა არ დამიკლია, რათა მისთვის მესიამოვნებინა. გამოგიტყდებით, მისმა ეგოიზმმაც გამაღიზიანა. გამოდიოდა, რომ ჩემი მოთხრობის ყოველი სტრიქონი მისი განსაკუთრებული მეთოდისთვის უნდა დამეთმო. ბეიკერ-სტრიტზე ერთად მრავალი წელი გაგვეტარებინა და არაერთხელ